ზელენსკი: ვისურვებდით, ჩინეთმა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი და არ ეხმარებოდეს მის გაგრძელებაში

„ძალიან ვისურვებდით, ჩინეთმა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი და არანაირი ფორმით არ ეხმარებოდეს მის გაგრძელებაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ოქტომბერს, როცა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ზელენსკიმ ილაპარაკა რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვის შემცირების მნიშვნელობაზე კრემლზე რეალური ზეწოლის მოსახდენად. მისი თქმით, ომი რომ არ იყოს, ცხადია, ცალკეული ქვეყნის საქმე იქნებოდა, ვისგან იყიდიდნენ ენერგორესურსებს, თუმცა, დღეს, მისი თქმით, რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვა უკრაინის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას უკავშირდება. ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ტრამპი თუ მოახერხებდა ჩინეთის პრეზიდენტის დაყოლიებას, რომ შეამციროს რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვა, ყველას დაგვეხმარებოდა“.
რაც შეეხება ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, დევიდ ვან ვილმა გამოხატა აღტაცება უკრაინის მედეგობით და აღნიშნა: „მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია როგორი სამშვიდობო შეთანხმება იქნება მისთვის მისაღები“. ვან ვილის ვიზიტის დღის წესრიგში იყო უკრაინის ენერგოსექტორისთვის დახმარება (25 მილიონი ევრო) და უკრაინაში რუსეთის რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის განსასჯელად ევროსაბჭოს ეგიდით საგანგებო ტრიბუნალის შექმნა ჰააგაში. ამ ინიციატივის ძლიერი მხარდამჭერია ესტონეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნა 28 ოქტომბერს ასევე იმყოფებოდა უკრაინის დედაქალაქში. გარდა ამისა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:
„გამოვაცხადე 9 მილიონი ევროს გამოყოფა პროექტისთვის „უკრაინაში ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენა“. ამ კონტრიბუციით მხარს ვუჭერთ უკრაინის მიერ საერთაშორისო დანაშაულების გამოძიებას მისივე მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი პასუხისგების მისაღწევად.
ნიდერლანდები მოწადინებულია დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაში. დღეს გამოვაცხადეთ აგრეთვე 1 მილიონი ევროთი მხარდაჭერა უკრაინაში ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს რეფორმირებისთვის, რომელიც არის უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის წინა ხაზზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ვან ვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის პარასკევს ან შაბათს გაიმართება უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების მრჩეველთა შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ ომის დასრულების გეგმის შტრიხებზე. 27 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და ევროპის ლიდერები შეიმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ერთ კვირაში ან ათ დღეში. „აქსიოსისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გეგმა უნდა იყოს მოკლე და ბევრი დეტალის გარეშე.
უკრაინისა და ევროპის სახელმწიფოების ომის დასრულების გეგმაზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გაავრცელა „ბლუმბერგმა“.
ფორუმი