Reading view

თესალონიკის აეროპორტში ქართველი მამაკაცი დააკავეს ისრაელის ყალბი პასპორტით

საბერძნეთის პოლიციამ (ELAS) თესალონიკში, აეროპორტ „მაკედონიაში“ საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცი დააკავა. იგი ისრაელში გაფრენას ისრაელის მოქალაქის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით ცდილობდა. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს.

ELAS-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, მამაკაცი 2025 წლის 28 ოქტომბერს, დილით დააკავეს. საპასპორტო შემოწმებისას აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ მგზავრის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ყალბი იყო.

„თესალონიკის აეროპორტის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცი, რომელიც ისრაელში გაფრენას ცდილობდა ყალბი პასპორტით, სხვა პირის მონაცემებით“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

იმავე დღეს, გვიან საღამოს პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი უცხოელი, 29 წლის მამაკაცი, რომელმაც, როგორც შემოწმების შედეგად დაადგინა, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და ქვეყანაში ნებართვის გარეშე იმყოფებოდა.

ორივე დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ფორმალობების დასრულების შემდეგ მასალები გადაეგზავნა კომპეტენტურ სასამართლო ორგანოებს შემდგომი სამართლებრივი დევნისთვის.

საბერძნეთის ხელისუფლება აგრძელებს აეროპორტებში კონტროლის გაძლიერებას, განსაკუთრებით ყალბი დოკუმენტებისა და საიმიგრაციო წესების დარღვევების მხრივ; არსებული ინფორმაციით, ბოლო თვეებში ასეთი ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა.

ნინო ბაჯელიძე

❌