Reading view

ქალი ბადანტეს ვაკანსიის განცხადებას გამოეხმაურა და გატაცებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ქალებზე ძალადობის ორი მძიმე შემთხვევა იტალიაში

იტალიაში ბოლო დღეებში მომხდარი ორი შოკისმომგვრელი შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქალებზე ძალადობის პრობლემის სიმწვავეს. ერთი ინციდენტი სიცილიაზე, პალაგონიაში (კატანია), მეორე კი ტოსკანის პროვინციაში – სკანდიჩიში მოხდა. ორივე შემთხვევაში მამაკაცები ქალების გატაცებისა და ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

პალაგონიაში კარაბინერებმა დააკავეს 60 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალი ედება გატაცებასა და სექსუალურ ძალადობაში. გამოძიების მიხედვით, მამაკაცმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ყალბი განცხადება დასაქმებაზე – თითქოს ხანდაზმული ადამიანების მომვლელს (იტ. badante – ბადანტე) ეძებდა.

44 წლის რუმინელი ქალი განცხადებას გამოეხმაურა და მისამართზე მივიდა, რათა სამუშაოს პირობები გაერკვია. როდესაც ქალმა უწესრიგოდ დაყრილი ლუდის ბოთლები დაინახა და მამაკაცის ქცევა საეჭვოდ მიიჩნია, ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ ბადანტეს აყვანის საბაბით შეიტყუა, მობილური ტელეფონი ძალით წაართვა და ქალი სახლში ჩაკეტა. იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში იგი დატყვევებულ ქალს სცემდა და სექსუალურად ძალადობდა.

დაზარალებული მარტოხელა დედაა და 12 წლის ქალიშვილი ჰყავს. მან დახმარების გამოძახება მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა მოძალადეს ერთხელაც სახლიდან გასვლისას შემთხვევით მობილური ტელეფონი დარჩა. ქალმა მეგობარს მესიჯი გაუგზავნა, შემდეგ კი წაშალა. მეგობარმა დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში.

ადგილზე მისვლისას მამაკაცმა კარაბინერებს უთხრა, რომ „თავის პარტნიორთან“ ერთად ცხოვრობდა, თუმცა ამ დროს ქალი გამოვარდა სახლიდან და დახმარება ითხოვა.

კარაბინერებმა რუმინელი ქალი კალტაჯირონეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმებით დადასტურდა ქალის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დაზიანებები, რომლებიც სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებდა. 60 წლის მამაკაცი დაკავებულია.

მეორე შემთხვევა მოხდა ტოსკანაში, სკანდიჩიში, სადაც 51 წლის ფლორენციელი მამაკაცი დააკავეს გატაცებისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

გამოძიების თანახმად, მამაკაცმა სცადა 41 წლის ქალის გატაცება, რომელმაც უარი უთხრა ინტიმურ ურთიერთობაზე. გამოძიების თანახმად, თავში მიყენებული ტრავმის გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფი ფლორენციელი ქალი მამაკაცს ფურგონში 24 საათის განმავლობაში ჰყავდა დამალული საბნების ქვეშ, რათა ვერავის შეემჩნია.

შემთხვევით გამვლელმა ვია დელ ფონტისთან ახლოს გზაზე საეჭვო პიკაპი შეამჩნია, რომელშიც მამაკაცი იჯდა და პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულმა კარაბინერებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს, ხოლო მსხვერპლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფლორენციის კარეჯის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც RaiNews-ი იუწყება, ქალს დაზიანება, სავარაუდოდ, ჩაქუჩით ჰქონდა მიყენებული, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სკანდიჩის მერმა კლაუდია სერენიმ მხარდაჭერა გამოხატა მსხვერპლისადმი და მადლობა გადაუხადა გამვლელს, რომელმაც სამართალდამცავებს სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეატყობინა. მან მადლობა გადაუხადა კარაბინერებსაც „მათი დროული ჩარევისთვის“. მერის თქმით:

„ეს უკიდურესად მძიმე ინციდენტია, რომელიც აჩვენებს, რომ არცერთი რეგიონი არ არის დაცული ქალებზე ძალადობისა და ფემიციდისგან. საჭიროა სიღრმისეული კულტურული ცვლილება, რათა მსგავსი ტრაგედიები მომავალში აღარ განმეორდეს“.

იტალიაში ფემიციდის შემთხვევები კვლავ ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს უკვე მამაკაცების ჩადენილი ფემიციდის 80-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გატაცებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევები კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სოციალურ პრობლემად რჩება.

ნინო ხოშტარია

იმიგრანტები აძლიერებენ იტალიის ეკონომიკას და დემოგრაფიას – Leone Moressa-ს 2025 წლის ანგარიში

იტალიას იმიგრანტების გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე დემოგრაფიული მდგომარეობისა და სამუშაო ძალის მხრივ. Leone Moressa-ს ფონდის ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ 20 ოქტომბერს წარადგინა CNEL-ში (დამსაქმებელთა ნაციონალური კონფერენციების ეროვნული საბჭო) და დეპუტატთა პალატაში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში (2014–2024) იმიგრანტი მეწარმეების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა, ხოლო იტალიელი მეწარმეების რაოდენობა 5%-ზე მეტით შემცირდა. დღეს უცხოელთა წვლილი ქვეყნის მშპ-ში 9%-ია, განსაკუთრებით მაღალია მათი წვლილი სოფლის მეურნეობაში (18%) და მშენებლობაში (16.4%). ამის შესახებ ilsole24ore წერს.

„ახალი იტალიელები“ ​​და დემოგრაფიული ზამთარი

2024 წელს იტალიაში 5.3 მლნ უცხოელი ცხოვრობდა (მთლიანი მოსახლეობის 8.9%), თუმცა საზღვარგარეთ დაბადებულთა რიცხვი 6.7 მილიონამდე გაიზარდა (11.3%). ეს სხვაობა, ძირითადად, განპირობებულია იტალიის მოქალაქეობის მიღებით (წელიწადში 200 000-ზე მეტი). იტალიის მოსახლეობას იმიგრაციული წარსულით კვლავაც დადებითი წვლილი შეაქვს იტალიის დემოგრაფიულ მონაცემებში, შობადობის უფრო მაღალი მაჩვენებლით (9.9 ახალშობილი ათას მოსახლეზე; იტალიელებში – 6.1) და სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებლით (2.1 გარდაცვლილი ყოველ ათას მოსახლეზე; იტალიელთა შორის – 12.3). შობადობის მაღალი მაჩვენებლის წყალობით მიგრანტები, ფაქტობრივად, ხელს უშლიან იტალიის დემოგრაფიულ კოლაფსს. მაგალითად, 2023 წელს იტალიის მოსახლეობის რაოდენობა 385 000-ით შემცირდა, ხოლო იმიგრანტების – 375 000-ით გაიზარდა. იმიგრანტთა შორის მხოლოდ 6% არის 64 წელზე მეტი ასაკის, ხოლო იტალიელებს შორის ეს მაჩვენებელი 26%-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ იმიგრანტები საზოგადოების ახალგაზრდა, აქტიური ნაწილია, რომლებიც დღეს ბაზრებსა და გადასახადებს კვებავენ და ხვალ საპენსიო სისტემის მზარდ დეფიციტს აანაზღაურებენ.

სამუშაო ძალაზე მზარდი მოთხოვნა – იმიგრანტები შეუცვლელები არიან

დემოგრაფიული ტენდენციების გაგრძელება თავისთავად განაპირობებს სამუშაო ძალის მზარდ მოთხოვნას. Unioncamere – Excelsior-ის პროგნოზით, 5-წლიან პერიოდში – 2024-იდან 2028 წლამდე იტალიურ კომპანიებს დასჭირდებათ 3 მლნ ახალი მუშაკი (საჯარო სექტორის გამოკლებით), რომელთაგან 264 ათასი იმიგრანტი იქნება (21,3%). სამუშაო ძალაზე მოთხოვნა იტალიაში დამოკიდებული იქნება 80%-ით კადრების გადინებაზე დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის გამო და მხოლოდ 20%-ით – ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე. ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში იმიგრანტების წილი ოთხოვნილ მუშახელზე 25%-ს აჭარბებს, პიკი კი 31%-ია – ტოსკანასა და ტრენტინო-ალტო-ადიჯეში.

იმიგრანტ მეწარმეთა რაოდენობა კვლავ იზრდება

იმიგრანტი მეწარმეების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2024 წელს 787 000-ს მიაღწია (საერთო რაოდენობის 10.6%). ბოლო ათი წლის განმავლობაში (2014-2024) იმიგრანტ მეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა (+24.4%), ხოლო იტალიელ მეწარმეთა რაოდენობა შემცირდა (-5.7%). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთის რეგიონებშია, დარგების მიხედვით კი – მშენებლობის, ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში. იმ ქვეყნების დემოგრაფიულ გაჯანსაღებასა და ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის გარდა, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, მიგრანტები ხელს უწყობენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნების განვითარებასაც, მათ შორის, ფულის გაგზავნით. 2024 წელს იტალიაში მცხოვრებმა იმიგრანტებმა 8.3 მილიარდი ევრო გაგზავნეს თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების დასახმარებლად, რაც თვეში დაახლოებით 130 ევროს შეადგენს ერთ სულ მოსახლეზე.

ფისკალური წვლილი

იტალიაში 4.9 მილიონი იმიგრანტი გადასახადის გადამხდელია (საერთო რაოდენობის 11.5%). 2024 წელს მათი დეკლარირებული შემოსავალი 80.4 მილიარდი ევრო იყო, ხოლო 11.6 მილიარდი ევრო პირადი საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადეს იტალიის სახელმწიფო ბიუჯეტში. იტალიელებსა და იმიგრანტებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის სხვაობა კვლავ მაღალია (წლიურად თითქმის 9 000 ევრო), რაც დასაქმების სტრუქტურის პირდაპირი შედეგია.

სახელმწიფო ხარჯებზე გავლენა

იმიგრანტები, ძირითადად, შრომისუნარიანი, სამუშაო ასაკის ადამიანები არიან და მცირე გავლენა აქვთ სახელმწიფო ხარჯებზე (3%). გარდა ამისა, სახელმწიფო შემოსავლების (დასაქმებულთა მიერ გადახდილი გადასახადები და სოციალური უზრუნველყოფის შენატანები) სახელმწიფოს მიერ სოციალური მიზნით გაწეულ ხარჯებთან შედარებით, იმიგრანტების ბალანსი დადებითია (+1.2 მილიარდი ევრო ანუ უფრო მეტი შენატანი შეაქვთ გადასახადების სახით, ვიდრე სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ თანხებს – მათ მცირე გავლენა აქვთ სახელმწიფო ხარჯების ძირითად პუნქტებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და პენსიები).

ამ ფონზე სახელმწიფოს გამოწვევაა იმიგრანტების ეფექტიანი ინტეგრაცია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია იტალიური სკოლა, თუმცა ასევე საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან კიდევ გაძლიერებული ძალისხმევა – ენობრივი პროგრამების განვითარება, ოჯახების მხარდაჭერა, დიალოგი და ჩართულობა.

ნინო ხოშტარია

ტრაგიკული შემთხვევა: ცნობილი იტალიელი მეღვინე საკუთარმა ყურძნის საწნეხმა იმსხვერპლა

ცნობილი იტალიელი მეღვინე, 44 წლის მატეო ფორნერი, კასტელკუკოში (ტრევიზოს პროვინცია) მდებარე პატ დელ კოლმელის (Pat del Colmél) ღვინის ქარხნის მფლობელი და დირექტორი, საკუთარი მცირე ზომის ყურძნის საწნეხის ქვეშ მოხვდა და გარდაიცვალა.

Corriero Del Veneto-ს ცნობით, „მას ეს ათასჯერ ჰქონდა გაკეთებული“ – კერძოდ, სამუშაოს დასრულების შემდეგ საწნეხის გაწმენდა – და ამჯერადაც ეგონა, რომ აპარატი გამორთული იყო, მაგრამ მოულოდნელად მანქანა ისევ ჩაირთო და საშინელი სცენა პირდაპირ მატეოს მამის თვალწინ დატრიალდა – საწნეხმა ჯერ დაბლოკა მსხვერპლი და შემდეგ კისერი გადაუმტვრია. მატეო fორნერი თითქმის მყისიერად გარდაიცვალა.

სასოწარკვეთილმა მამამ – ლინო ფორნერმა და მისმა ოჯახმა განგაში ატეხეს, მატეოს მამამ 118-ზე დარეკა, პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა მედიკოსები ვერაფერს გახდნენ – მათ მხოლოდ გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.

პოლიციამ ჯერ ვერ დაადგინა, თუ რატომ ჩაირთო საწნეხი მოულოდნელად.

გამოცემის ცნობით, მატეო ფორნერი გრაპის რაიონში კარგად იყო ცნობილი არა მხოლოდ, როგორც კომპანიის მფლობელი, არამედ, როგორც თანამედროვე მეღვინეობის სექტორში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი. იგი, აგრეთვე, იყო ქალაქის მერის არჩეული მრჩეველი.

ტრევიზოს პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ნინო ხოშტარია

❌