Reading view

ირაკლი ფავლენიშვილი – სასაცილოა, მკრძალავს ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე „ნაცების“ მეხოტბე იყო, მე კი ვსწავლობდი სკოლაში, წყალბურთს ვთამაშობდი – ჩვენ უნდა დავრჩეთ აქტიურები, ვიმუშაოთ წერტილოვან სანქციებზე, პროტესტის გაღვივებაზე და დიდი კერების გაჩენაზე

ლოგიკა რაშია, ვერ ვხვდები, 2012 წლამდე ის ადამიანი, რომელიც ამ „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო (მათივე ლოგიკით), კრძალავს პარტიას, რომლის მთავარი სპიკერების უმეტესობას 2012 წლამდე პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, სწორედ ის ადამიანები კრძალავენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენიანი ფიგურები იყვნენ.
„ძალიან სასაცილოა, მე, პირადად, ირაკლი ფავლენიშვილს მკრძალავს ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსანი 2012 წლამდე, ან ფულს სწირავდა ან მაღალ თანამდებობაზე იყო, ან „ნაცების“ მეხოტბე იყო, მაგ დროს მე ვსწავლობდი სკოლაში, წყალბურთს ვთამაშობდი, სხვა ცხოვრება მქონდა. ლოგიკა რაშია, ვერ ვხვდები, 2012 წლამდე ის ადამიანი, რომელიც ამ „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო (მათივე ლოგიკით), კრძალავს პარტიას, რომლის მთავარი სპიკერების უმეტესობას 2012 წლამდე პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვს.
ეს ხალხი აგვკრძალეს ადამიანებმა, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ გავლენიანი ფიგურები იმ პერიოდში“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალება, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები, ირაკლი ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორები გაჩნდება, რადგან მანამდე პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო პროცესი მოკლეს და საქართველოში აღარ ტარდება.
„ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, გახლავთ ის, რომ უფრო მეტი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გამოჩნდეს, თორემ არსებითად არაფერი არ იცვლება იმიტომ, რომ პარტიების კლასიკური ფორმით არსებობა მიესადაგება საარჩევნო დემოკრატიას. როცა ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიაა დამყარებული, იქ, რა თქმა უნდა, პარტიები ფუნქციონირებენ ჩვეულებრივი კონსტრუქციული დემოკრატიული წესით – არჩევნები ტარდება, შენ გაქვს პარტიული ინფრასტრუქტურა, იღებ დაფინანსებას და ა.შ. ჩვენთან ეს პროცესი ხომ მოკლეს ისედაც, აღარ არის საარჩევნო პროცესი.
სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ე.წ. არჩევნებზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, იმიტომ, რომ მართლა არ იყო არჩევნები ის, რაც ხდებოდა. მაშინ მუნიციპალურ არჩევნებშიც მივიღებდით მონაწილეობას. ამ ხალხმა საარჩევნო პროცესი მოკლა, ისედაც დისიდენტურ ფაზაში გადავედით, ადამიანებს აკავებენ ქუჩაში დგომის გამო, ამიტომ ჩვენ ისედაც ამ კლასიკურ საარჩევნო პროცესში არ ვიყავით.
ერთადერთი, რაც გასაკეთებელია, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, მათ შორის, საგარეო ფრონტზე მაინც უნდა დავრჩეთ აქტიურები, უფრო მეტ პერსონალურ, წერტილოვან სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ, ქვეყნის შიგნით უნდა ვიმუშაოთ პროტესტის გაღვივებაზე, რუსთაველის კერის შენარჩუნებაზე და უფრო დიდი კერების გაჩენაზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი – გიორგი გახარია არის ქრონიკული მოღალატე – მან ჯერ უღალატა იმ გუნდს, რომლის წევრი იყო, ივანიშვილის გუნდს, მერე უღალატა ოპოზიციას

გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც არის ქრონიკული მოღალატე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას ტრაგედიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არც ხელისუფლება აღიარებს ხელისუფლება და არც ოპოზიცია ოპოზიციად.
„მან ჯერ უღალატა იმ გუნდს, რომლის წევრი იყო, ივანიშვილის გუნდს, მერე უღალატა ოპოზიციას, მე მგონი მერე თავის ბოლო პარტნიორსაც უღალატა. ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. საბოლოოდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს დაუბრუნდეს „ქოცურ“ წიაღს, თუმცა მგონი, ამ „ქოცურ“ წიაღში დიდად არც იბრუნებენ ამ ადამიანს. ამიტომ, მართლაც ტრაგიკული გახლავთ ის ე.წ. პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მას ჰქონდა. საბოლოოდ, ის არც ოპოზიციის მიერ არის აღქმული ოპოზიციად და მგონი, მგონი არც ხელისუფლების მიერ არის აღქმული ხელისუფლებად, ეს არის მისი ტრაგედიის არსი“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, მან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
ს თქმით, „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული და დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს“.
„საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც აზრს უკარგავს არა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ ზოგადად, კრიტიკული აზრის ქონას. იგივე ლოგიკით შეიძლება მიიღონ კანონი, რომლითაც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს არ შეეძლებათ ქუჩაში სიარული იმიტომ, რომ უკვე ყველანაირი უფლება არის შეზღუდული. ქრესტომათიული მაგალითი არის ჩვენს ქვეყანაში დიქტატურის დამყარების, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ალბათ, სასწავლო კურსშიც შეიტანენ სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ მართლა არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, როდესაც არა მხოლოდ ათეულობით და ასეულობით პოლიტიკოსს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მათივე გათვლებით, ასი ათასობით მოქალაქეს ეკრძალება აქტიური საარჩევნო უფლება, ანუ ხმის მიცემის უფლება. წინა არჩევნებზე რომელ პარტიებსაც ხმას აძლევდნენ, ის უბრალოდ აღარ იარსებებს და აღარ ექნება არსებობის საშუალება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული, დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

❌