Reading view

საბერძნეთში საპენსიო ასაკი აღარ გაიზრდება – დაანონსებული ცვლილებები გადაიდო

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს წლებში საპენსიო ასაკი აღარ გაიზრდება. როგორც გაზეთი Kathimerini და ეკონომიკური გამოცემა OT.gr იუწყებიან, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები მინიმუმ 2028 წლამდე გადაიდება, ხოლო საბოლოოდ ზრდა, სავარაუდოდ, მხოლოდ 2030 წლიდან დაიწყება.

მთავრობის გადაწყვეტილება დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკასთან: პანდემიის შემდეგ საბერძნეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. სწორედ ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს საპენსიო ასაკის ზრდის შესაძლებლობას, რადგან საბერძნეთის კანონმდებლობით ის პირდაპირ არის მიბმული დემოგრაფიულ და სოციალური განვითარების ინდექსებზე: საბერძნეთის კანონმდებლობაში 2021 წლიდან გათვალისწინებულია საპენსიო ასაკის გაზრდის მექანიზმი, რომელიც პენსიაზე გასვლის დროის კორექტირებას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობიდან გამომდინარე მოახდენს.

დემოგრაფიული მაჩვენებლები – საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგ

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში თანდათან იზრდება, ხოლო შობადობა დაბალ დონეზე რჩება – დაახლოებით 1,5 ბავშვი ერთ ქალზე. ეს ტენდენცია, ექსპერტების შეფასებით, ქმნის სერიოზულ წნეხს სოციალური დაცვის სისტემაზე, თუმცა ამ დროისთვის არ მოითხოვს მკვეთრ ნაბიჯებს.

მოქმედი კანონის თანახმად, 2027 წლიდან საპენსიო ასაკი უნდა გადაიხედოს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, დემოგრაფიული მდგომარეობის მიხედვით. თუმცა როგორც Kathimerini წერს, მთავრობის შიდა ანალიტიკური ჯგუფის ანგარიშები ცხადყოფს, რომ ზრდის საჭიროება ჯერ არ დგას. ამ მიზეზით, მოქმედი საპენსიო პარამეტრები მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე უცვლელი დარჩება.

ეტაპობრივი რეფორმის იდეა

თუ ცვლილებები მაინც განხორციელდება, ხელისუფლება გეგმავს, ეს პროცესი იყოს ეტაპობრივი – წელიწადში საპენსიო ასაკის მხოლოდ 3-4-თვიანი მატებით. ასეთი მიდგომა მიზნად ისახავს მომავალი პენსიონერებისთვის დატვირთვის მინიმუმამდე შემსუბუქებას და შრომის ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას.

OT.gr-ის ინფორმაციით, ცვლილებებს ყველაზე დიდი გავლენა ექნება 35–55 წლის მოსახლეობაზე, რომლებმაც უკვე დააგროვეს სამუშაო სტაჟი და შესაძლოა საპენსიო ასაკის ზრდის შედეგად პენსიაზე გასვლა რამდენიმე წლით გადაუვადდეთ. ახალგაზრდა თაობისთვის კი, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას, მომავალი საპენსიო სისტემა უფრო მკაცრი პირობებით იქნება განსაზღვრული.

„დროებითი ამოსუნთქვა“ სისტემისთვის

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საპენსიო ასაკის ზრდის გადავადება მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა – „დროებითი ამოსუნთქვა“, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს დემოგრაფიული დინამიკა და შრომის ბაზრის ტენდენციები.

თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საბერძნეთს მოუწევს რეფორმების გაგრძელება, რადგან მოსახლეობის დაბერება და შობადობის დაბალი დონე უკვე უქმნის წნეხს სისტემას და სოციალური ბალანსის შენარჩუნებას ართულებს.

საპენსიო რეფორმა ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე თემად რჩება: საბერძნეთის მსგავსად, ანალოგიური პრობლემები დგას იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაშიც, სადაც დემოგრაფიული ბალანსის შენარჩუნება სერიოზულ ეკონომიკურ გამოწვევად იქცა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 2027 წლიდან საპენსიო ასაკის 1,5 წლით გაზრდა გასული წლის აპრილის ბოლოს დაანონსდა.

ნინო ბაჯელიძე

საბერძნეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც 13-საათიანი სამუშაო დღე დაკანონდა

საბერძნეთის პარლამენტმა 16 ოქტომბერს დაამტკიცა კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს, ურთიერთშეთანხმებით დააწესონ 13-საათიანი სამუშაო დღე. კანონპროექტი მმართველმა პარტიამ „ნეა დიმოკრატიამ“ შეიტანა, რომელსაც პარლამენტში უმრავლერსობა აქვს. ამის შესახებ გამოცემა cnn.gr წერს.

შრომის მინისტრმა ნიკი კერამეოსმა განაცხადა, რომ „არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც თავად ითხოვენ სამუშაო დღის გახანგრძლივებას“, თუმცა ოპოზიცია და პროფკავშირები კანონპროექტს მკაცრად ეწინააღმდეგებიან.

ოპოზიციის და პროფკავშირების მწვავე პროტესტი

სოციალისტური პარტიის ლიდერმა ნიკოს ანდრულაკისმა განაცხადა, რომ დასაქმებულთა „შრომითი უფლებები სერიოზულად ირღვევა“, ხოლო „სირიზას“ თავმჯდომარე სოკრატის ფამელოსმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი უკვე იქცა დაბალანაზღაურებადი შრომის ქვეყნად, სადაც ადამიანები უფრო მეტს მუშაობენ, მაგრამ ნაკლებს იღებენ.

პროფკავშირები აფრთხილებენ მთავრობას, რომ 13-საათიანი სამუშაო დღე საფრთხეს უქმნის მუშაკთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და პირად ცხოვრებას. მათ თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ კანონი ფორმალურად ნებაყოფლობაზეა დაფუძნებული, ბევრი ვერ შეძლებს უარის თქმას, რადგან ძალთა ბალანსი დამსაქმებლებსა და მუშაკებს შორის დარღვეულია“.

მასობრივი გაფიცვები და ტრანსპორტის პარალიზება

კანონის მიღებამდე საბერძნეთში გაიმართა გაფიცვები და დემონსტრაციები, რომელთა შედეგად ათენსა და სხვა დიდ ქალაქებში პარალიზებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუნიციპალური სერვისები.

სახელმწიფო სექტორის მუშაკთა პროფკავშირების – ADEDY-ს განცხადებით, „მოქნილი სამუშაო გრაფიკი“ სინამდვილეში ნიშნავს რვასაათიანი სამუშაო დღის გაუქმებასა და გადაჭარბებული ექსპლუატაციის ლეგალიზებას.

უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროკავშირში

გამოცემა Politico-ს შეფასებით, საბერძნეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც ოფიციალურად დაშვებულია 13-საათიანი სამუშაო დღე. ცვლილება განსაკუთრებით შეეხება ქარხნების, სასტუმროებისა და საცალო ქსელების მუშაკებს, რომელთაც შესაძლოა უფრო გრძელ ცვლებში მოუწიოთ მუშაობა.

ნინო ბაჯელიძე

❌