Reading view

“როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა” _ ევროპარლამენტარი “ოცნებას”

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ერევანში ევრონესტზე არ გამოცხადდა. გასაკვირი არ არის – როდესაც თქვენი 2024 წლის „არჩევნები“ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა, – ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის წერილს, რომელშიც ის განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.

„ისინი ჩვენ „მტრულებს“ გვეძახიან იმის გამო, რომ ქართველ ხალხს გვერდით ვდგავართ. სინამდვილეში, სწორედ დემოკრატიისა და ევროპის მიმართ მათივე მტრობაა ის, რაც მათ იზოლაციაში აყენებს. მე ერევანში ვარ, რათა წარმოვადგინო ის ღირებულებები, რომლის მიმართ რწმენაც საქართველოს მოქალაქეები დღემდე აქვთ – თავისუფლება, სიმართლე და ევროპული მომავალი“, – წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.

The post “როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა” _ ევროპარლამენტარი “ოცნებას” appeared first on გურია ნიუსი.

პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.

ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,_ აცხადებს პროკურატურა.

The post პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

❌