Reading view

ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ეპარქიული კომისიის მიმართვის საფუძველზე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი “დოროთე ყურაშვილი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად”.
დღეს, 29 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა, “კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო”, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გათავისუფლებულიყო ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესებულიყო მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დღეს, 29 ოქტომბერს, საპატრიარქოსთან მივიდა და კომისიის სხდომაში მონაწილეობას აპირებდა საჯაროობის უზრუნველყოფის პირობითა და მედიის თანდასწრებით, რაზე უარის მიღების შემდეგაც საპატრიარქოში შესვლაზე უარი განაცხადა.
საპატრიარქოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ
“არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს”.
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) “ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს” აკეთებს და ამის საილუსტრაციოდ მოჰყავთ მისი ციტატები.
„ეკლესიას ძაან უნდა გახარებოდა… და ძალიან უნდა მოწონებოდა სახელმწიფოს, რომ მე ხალხი თუნდაც პოლიციელები და თუნდაც მისი ხალხი რაღაცა მსხვერპლს გადავარჩინე და ძალიან გაბრაზდა ორივე და თურმე რატომ, მსხვერპლი უნდოდათ“. „მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“. „როცა მღვდელს სხვა უფროსი ეყოლება, მერე ის აკეთებს იმის დავალებებს, რასაც ის უფროსი დაავალებს და არა ქრისტეს დავალებებს. აი, ამ დღეში ვართ, დღეს ჩვენ ეკლესიურად უფროსი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, არცერთი სახელმწიფოებრივი სტატუსით არაფერი არაა თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფო მთავრობა გაიხადეს უფროსად და აქ უკვე გაქრა ის, რომ ქრისტეა ჩვენი უფროსი…“ „მე დღეს მსჯის ს ეკლესია და , ეს არის მათი დავალება…“
ეპარქიულმა კომისიამ დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები – “ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები”.
საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, ეპარქიულ კომისიას ესწრებოდნენ:
· კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
· სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
· კომისიის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი);
· საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე;
· დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.
“ჩემი „დანაშაული“ არის ის, რომ მე ვამბობ, რომ რუსეთი ჩვენი სისხლით ვერ გაძღა; ვამბობ, რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს ეკლესია; ვამბობ, რომ მცირე ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოშია შესახლებული, რუსულ გეგმას ემსახურება და უნდათ, რომ ის ტაძარი, სადაც გმირები და პატრიოტები ეზიარებიან ჩემთან ქვემო ბეთლემში, ისიც წაართვან ამ ხალხს. მე ვერაფერს წამართმევენ, მაგრამ ამ ხალხს წაართმევენ. ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. თუ ამათმა დამსაჯეს, მეტი დრო მექნება გადავერთო ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენი ერი გათავისუფლდეს ამ დიდი ქოციანობისა და რუსეთის მონობისაგან“, – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
დოროთე ყურაშვილი ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტებისა და პროევროპული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერია და ხშირად აკრიტიკებს მმართველი გუნდის მოქმედებებს, ქადაგებებშიც და საჯარო გამოსვლებშიც. არქიმანდრიტს 16 საეპარქიო კომისიის სხდომაზე, რომელზეც არ გამოცხადდა, „მკაცრი გაფრთხილება“ გამოუცხადეს.

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ

4 ოქტომბრის ეპიზოდი ხელისუფლების მხრიდან იყო პროვოცირებული – მის მიერ კონტროლირებადი ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება საჭირო იყო, რადგან ეს საფუძვლად დასდებოდა საკონსტიტუციო სარჩელს – ხაბეიშვილმა, კლასიკური პროვოკატორის როლი შეასრულა, ხელი შეუწყო ხელისუფლებას ამ სარჩელის მომზადების პროცესში მისი გეგმებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, რა პროცესიც დღეს ქვეყანაში მიდის, „სამართლის მიღმა პროცესია“.
„ხელისუფლების სტრატეგიული ამოცანაა, რომ ქვეყანაში ჩამოაყალიბოს რუსული ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატიული სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური ძალა, დომინანტური პარტია და მისი სატელიტები, რომლებიც დათანხმდებიან ძალაუფლების მუდმივობის თამაშის წესებზე. მოუზომავენ რაღაც ბოსტანს და იმ ბოსტნის ფარგლებში იმოძრავებ ისე, რომ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე პრეტენზია არ ექნებათ. ეს არის რუსული მოდელი, რომელიც მუშაობს კვაზ დემოკრატიულ ქვეყნებში და ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებით, ამ საქმეს ემსახურება. ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამ თამაშის წესებზე არ თანხმდებიან, უნდა იქნან სახელდებული, ე.წ. არასისტემურ ოპოზიციად და ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაზე უნდა იყვნენ გადაყვანილები.
დღეს რა პროცესიც მიდის, ეს არის სამართლის მიღმა პროცესი. [რაც შეეხება უშუალოდ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის ბრალდებას], სრულად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული, რომლის ინსტრუმენტადაც შეგნებულად თუ შეუგნებლად, გამოყენებულები იყვნენ კონკრეტული ადამიანები. ყველას ჰქონდა თავისი როლი. ვიღაც იყო ჩანერგილი პროვოკატორი, ვიღაც სასარგებლო ბრიყვი და ა.შ. ზუსტად იმისთვის იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ეს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება საჭირო, რომ ეს მერე საფუძვლად დასდებოდა ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ ხაბეიშვილმა, არ ვამბობ, რომ ის „დავერბოვკებული“ პროვოკატორია, მაგრამ მან კლასიკური პროვოკატორის როლი შეასრულა. მერე ის პროცესს გაარიდეს. ის სასარგებლო ბრიყვი იყო ამ პროცესში თუ რა იყო, ეს ცალკე თემაა. ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო ხელისუფლებას ამ სარჩელის მომზადების პროცესში მისი გეგმებიდან გამომდინარე. ეს ჩემთვის სრულად აშკარაა. ამაზე გაბრაზდებიან, მაგრამ თუ ვინმეს თვალების დახუჭვა უნდა, ხუჭოს რამდენიც უნდა. ეს პოლიტიკის „ორჯერ ორი ოთხია“. უნდათ გაბრაზდნენ, უნდათ ცივი წყალი დალიონ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც, საკონსტიტუციო სარჩელი აღარ მოიაზრებს ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით მიმართვას, შეიძლება იყოს ის, რომ „შავ სიაში“ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი პორტირებული მოხვდებოდა“.
„თავიდან უნდოდათ დაკავშირებული პირების „შავი სიის“ გაკეთება. ეს გადაიფიქრეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს „შავი სია“ რომ გაკეთებულიყო, მასში „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი პორტირებული მოხვდებოდა. შეიძლებოდა საფრთხე შეჰქმნოდა „ქართულ ოცნებასაც“, მისი ლიკვიდაციისა და გაუქმების საკითხი შეიძლება დამდგარიყო დღის წესრიგში.
პაპუაშვილმა აღიარა, რომ ამოცანა მართლმსაჯულება და სახელმწიფო უსაფრთხოება კი არ არის, ამოცანა არის პარტიული, „ქართული ოცნების“ უსაფრთხოება, რომ ლეგალურ სივრცეში მარტო სუსტი ძალები უნდა იყვნენ და არა ძლიერები. ვფიქრობ, რომ „ლელოც“ აქ მოხვედრილია არა იმ სრული პაკეტით, რასაც სახელმწიფო გადატრიალება, მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაული ა.შ. ჰქვია. ეს ეხება უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. ამ კრიტერიუმებში „ლელო“ ვერ ჯდება. „ლელო“ ჩასვეს აბსოლუტურად ბელეტრისტიკული კრიტერიუმებით. ეს არის გარკვეული ტაქტიკური სვლა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გარკვეულწილად სახე შეუნარჩუნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. გათვლილია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ეს არის მათი ვირეშმაკული ტაქტიკა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, თითქოს ობიექტურმა მართლმსაჯულების ინსტიტუტმა, სარჩელი დააკმაყოფილოს ორი პარტიის შემთხვევაში და მესამეს შემთხვევაში არა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის მოსაზრებით, გახარიას პარტიის არ შეყვანა სარჩელში, მის „დისკრედიტაციას და ელექტორალურ დასუსტებას ემსახურება“. მისივე თქმით, გახარიასა და ს შორის შესაძლო გარიგება „ტყუილია, რადგან ბიძინა ივანიშვილი გახარიასთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს“.
„გახარიას დატოვება ამ სიის მიღმა, ვინაიდან ის პარლამენტში შევიდა, ეს უფრო მეტად, მის დისკრედიტაციას ემსახურება. „ლელოსა“ და გახარიას შორის იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაზეც საუბარია, განსხვავების პოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხელისუფლების გათვლაა, რომ მოხდება ამ პარტიის ელექტორალური დასუსტება. პარლამენტში ისინი უბრალოდ, „განტევების ვაცები“ და ფასადის შემქმნელი ოპოზიცია გახდებიან. გახარიას პარტიის არ ეშინიათ, იმიტომ, რომ მის ლიდერზე უმძიმესი ბრალდებებით შეკერილი საქმე აქვთ აღძრული.
ერთ-ერთი მოტივი, რატომ დაიწყეს ეს შეტევა და ამ სარჩელის ინიცირება, არის ის, რომ მიმდინარეობს „ქართული ოცნებისთვის“ ბევრად უფრო მძიმე, პარალელური პროცესი – ქონების, ბიზნესების გადანაწილება, შიდა გავლენის სფეროების გადანაწილება. ფულისა და ძალაუფლების ფლობაზე ექსკლუზივის მიღებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“. შესაბამისად, ამის გამო საზოგადოება ვერ ფოკუსირდება ძირითად პროცესზე. გადაფარვის ამოცანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ ყველაფერში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, „პოლიტიკური შედეგის წონის მხრივ, ამ პროცესს უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკური ფასი, რასაც ხელისუფლება ამაში იხდის, ბევრად აღემატება იმ სარგებელს, რაც მათ ამ ე.წ. საკონსტიტუციო სარჩელის მხრივ შეიძლება მიიღონ“.
გარდა ამისა, ხუხაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებას „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის საპასუხოდ, სადაც მან აღნიშნა რომ „ახლა არის დრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა“. ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას მნიშვნელობა არ აქვს, სანამ ისინი „ხალხის ნდობას არ დაიბრუნებენ“.
„დიდი ბოდიში, მაგრამ კიდევ გვაქვს ჩვენ ილუზია, რომ პარტიების გაერთიანება-არ გაერთიანებას რაიმე მნიშვნელობა აქვს?! მათ აქვთ ილუზია ან არ აქვთ და რატომღაც მუდმივად ამ მანკიერ წრეზე ტრიალებენ, რომ პარტიების გაერთიანებას რაიმე აზრი აქვს. ხალხის აზრს და კონსოლიდაციას აქვს აზრი. ძალაუფლების წყარო პარტიები კი არ არიან, რომლებიც ისეთივე არალეგიტიმურები არიან ამ საზოგადოებაში, როგორც ხელისუფლება. პარტიები ერთმანეთთან გაერთიანებაზე კი არ უნდა ზრუნავდნენ, ხალხის ნდობის დაბრუნებაზე უნდა ზრუნავდნენ. ხალხის ნდობას რომ დაიბრუნებენ, მერე უნდათ ერთად დასხდნენ და რაც უნდათ ქნან. როგორც უნდათ ისე დასხდნენ, დაკვრას მაინც ვერ ისწავლიან. ხალხზე იფიქრონ!“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

“ივანიშვილი არის სუსტი და ეშინია სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის” – “ცვლილებებისთვის”

კოალიცია “ცვლილებისთვის” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ოცნების” მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანას აფასებს საგანგებო ბრიფინგზე.
კოალიცია “ცვლილებისთვის” სახელით მინდა, გავაკეთო განცხადება იმ ე.წ. სარჩელზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის. 28 ოქტომბერს, 35 წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული კომუნისტური რეჟიმის პირობებში და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ ს რეჟიმის პირობებში ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. პარტიები, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას და რეჟიმებს ცვლის ხალხი. საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ “ქართული ოცნება” ვერ იქნება ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამიტომ, მნიშნელოვანია, ვიცოდეთ, ჩვენ ყველა ბერკეტს, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ვინაიდან საქართველოს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით. დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართველოს გამარჯვებამდე!, – განაცხადეს ბრიფინგზე.

❌