300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს ყოფილ მაღალჩინოსან ტაბიძეს საბავშვო ბაღების ტენდერების საქმეზე
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო – 300 000 ლარი – შეუფარდა.
გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დააკმაყოფილა.
ამავე გადაწყვეტილებით, განაჩენის გამოტანამდე ტაბიძეს აეკრძალა საქართველოდან გასვლა და პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოართვეს.
საპატიმრო გირაოს შეფარდებისას ბრალდებულმა ჯერ უნდა გადაიხადოს თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებენ. შესაბამისად, ტაბიძე 300 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს საპატიმროს.
ბრალდება ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 9 365 801 ლარს და „ლაგი კაპიტალის“ საქმეს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც ტაბიძე ხელმძღვანელობდა, არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ტაბიძე ამ პოზიციაზე 2021 წლის 21 სექტემბრიდან 2025 წლის მაისამდე მუშაობდა – პოსტი დატოვა „პირადი განცხადების საფუძველზე“. ტაბიძე ამ პოსტზე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობის პერიოდში.
გამოძიების ვერსია ასეთია:
- მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობის თაობაზე.
- ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „ლაგი კაპიტალი“.
- მასშტაბურ პროექტზე ზედამხედველობა და შესრულების მონიტორინგი ევალებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს და პროექტის მენეჯერებს.
- მათ ასევე ევალებოდათ კონტრაქტორის მიერ ტენდერის ფარგლებში ავანსის მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
- ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ “ლაგი კაპიტალი” ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საავანსო თანხების გაცემას ითხოვდა, ისე რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა.
- მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და “ლაგი კაპიტალს”, ეტაპობრივად, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნობრიობით, ავანსის სახით 11 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა, ისე რომ რიგ შემთხვევებში ჯერ კიდევ ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა.
- ჩარიცხული თანხებიდან “ლაგი კაპიტალის” ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს.
- შედეგად, პროექტით გათვალისწინებული 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.
The post 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს ყოფილ მაღალჩინოსან ტაბიძეს საბავშვო ბაღების ტენდერების საქმეზე appeared first on გურია ნიუსი.