Normal view

Today — 30 October 2025Main stream

„არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“, უბრალოდ, წარწერაა შენობის აბრაზე“

ათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი 28 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა, მაგრამ წინა დღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომა გადაიდო.

 გთავაზობთ „ბათუმელების“ რედაქტორთან ნანა კვაჭაძესთან ინტერვიუს.

_ ნანა, რა სიახლეები არის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით?

_ამ დროისათვის ველოდებით სააპელაციო სასამართლო სხდომას, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გვაღელვებს ახლა, მზიას მხედველობას უკავშირდება.

როგორც იცით, მისი მხედველობა მნიშვნელოვნად დაზიანდა ციხეში ყოფნისას, პენიტენციური დაწესებულების მიერ ჩატარებულ სამედიცინო კვლევის თანახმად, მან, ფაქტობრივად, დაკარგა მხედველობა ერთ თვალში, მეორეში კი მხოლოდ 10% დარჩა.

გასული კვირის ბოლოს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნო გამოეხმაურა განცხადებით ამ თემას. მან X-ზე მოუწოდა საქართველოს მთავრობას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ, მანამ, სანამ მხედველობის შენარჩუნება შესაძლებელია მკურნალობით.

_ რა მოლოდინები გაქვთ სააპელაციო სასამართლოსგან. როგორ ფიქრობთ, მოსამართლე გაითვალისწინებთ ადვოკატის მოთხოვნებს?

_ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ციხეში არიან სინდისის პატიმრები, როცა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ასზე მეტი ადამიანი და მოქალაქეებს აკავებენ ყოველდღე, ძალიან რთულია გქონდეს სამართლიანობის მიღწევის იმედი.

თუმცა, ყოველ ჯერზე უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა, მიუხედავად სასამართლო სისტემაში კლანის არსებობისა, ყოველ მოსამართლეს შეუძლია სასამართლო იყოს ადგილი, სადაც სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია. არა მხოლოდ „ოცნება“ და კლანი, არამედ ინდივიდუალურად ყოველი მოსამართლე პასუხისმგებელია თავის მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მაინც, მე ყოველ ჯერზე მაქვს იმედი. არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“ უბრალოდ წარწერაა შენობის აბრაზე და არა ადგილი, სადაც სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია.

_ როგორ აგრძელებს მუშაობასბათუმელების“ დანეტგაზეთის“ ჟურნალისტები, თანამშრომლები მზიას დაკავების შემდეგ?

_ მუშაობას ვაგრძელებთ, ვცდილობთ, არ დაგვრჩეს უყურადღებოდ არც ერთი საკითხი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მედიას შეუძლია, ესაა საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ასეთ დროს მედია განსაკუთრებით საჭიროა.

_ მედიის კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონულ მედიაში…

_ რეგიონული მედია, ფაქტობრივად, გაქრობის წინაშეა. ეს საფრთხე ისე რეალურია, როგორც არასდროს. ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ მედია, მათ შორის რეგიონული მედია გააქრონ ამ ქვეყნიდან, მაგრამ რაც მთავარია, მედია არ აჩვენებს არც ერთ ნიშანს, რომ მუშაობის შეწყვეტას აპირებს.

The post „არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“, უბრალოდ, წარწერაა შენობის აბრაზე“ appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌