ქართული მაიდანი! – გივი თარგამაძის წერილი ციხიდან

ბოლო დროს ქოცების მოქმედება ჩვენი, უკვე მიჩვეული გონებისთვისაც კი რთული აღსაქმელი გახდა. ნამეტანი გიჟობაა. ხშირია კითხვები, რატომ აიწყვიტეს ასე ყველა მიმართულებით, რატომ ასეთი ჯირითის რეჟიმში, სად ეჩქარებათ და არის თუ არა ამ მოქმედებაში ეკლექტიკის მიღმა რაიმე მწყობრი სისტემა. ვფიქრობ, ეს აღრევა მეტწილად გამოიწვია ორი სამოქმედო გეგმის ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში განხორციელების მცდელობამ. ერთი გეგმა რუსებისაა, მეორე-ქოცების, უშუალოდ გლუვის (ანუ ბიძინასი). რუსების სამოქმედო გეგმა იმ ქვეყნის მიმართ მოთხოვნების სტანდარტულ პაკეტს მოიცავს, რომლის მთლიანად გადაყლაპვასაც რუსეთი აპირებს. ეს პაკეტი დეტალურად გაასაჯაროეს უკრაინასთან მიმართებაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საომარი მომქმედებები არ მიმდინარეობს, მოთხოვნები იგივეა. თუ უკრაინაში უკუღმა მოქმედება უწევთ, გეგმის ბოლოდან სათავისკენ, რაც მეტად უჭირთ, ჩვენთან წაღმა მოქმედება გამოსდით, პუნქტობრივად მიყვებიან თავიდან და უფრო უადვილდებათ. მივყვეთ ჩვენც პუნქტობრივად და ვნახოთ, განხორციელების რა სტადიაზეა გეგმა ამჟამად, რა არის შესრულებული და რა არის რიგში. გეგმებში შემდეგი პუნქტებია: ლოიალური ხელისუფლება, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ნეიტრალური სტატუსი. გეგმის სრული შესრულება მიზნად ისახავს ქვეყნის დელეგიტიმაციას, სახელმწიფოებრივი არსებობის ფაქტობრივ შეწყვეტას. გეგმის ყველა პუნქტის განხორციელებას ადგილზე ჰყავს კონკრეტული, პერსონიფიცირებული პასუხისმგებელი, ერთი მთავარი და დამხმარეები. პირველ პუნქტზე პასუხსიმგებელი, ბუნებრივია, თავად გლუვი იყო, მან უზრუნველყო ქვეყნის სათავეში რუსეთის მიმართ სრულად ლოიალური რეჟიმის ჩამოყალიბება და ის არის სტატუს ქვოს შენარჩუნების გარანტორი. ეს პუნქტი სრულად შესრულებულია. შესრულებულია მეორე პუნქტიც -დემილიტარიზაცია. აქ პასუხისმგებელი იყო რუსების მიერ პირდაპირ მოთხოვნილი ყოფილი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ღრმად კაგებისტური ოჯახის წარმომადგენელი. მან უზრუნველყო კონტრდაზერვის დეპარტამენტის სრული განადგურება და რუსების მხრიდან მის წარმომადგენლებზე სასტიკი რევანში, ფიზიკური ლიკვიდაციისა და ციხეში ჩასმის ჩათვლით. შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რუსული კადრების გადამწყვეტი დომინაცია დასავლური, მეტწილად ამერიკული ბექგრაუნდის კადრებზე, ადგილზე გენერალურ შტაბში რუსების ფიზიკური შეღწევა და შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული დეგრადაცია. როგორც ვთქვით ეს პუნქტიც სრულადაა შესრულებული.
ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე მოცულობითი, მთავარი, ფუძემდებლური პუნქტის განხორციელება – ესაა დენაციფიკაცია. დენაციფიკაცია დელეგიტიმაციის საფუძველია. ის გულისხმობს ნაციონალური იდეის, ეროვნული თვითშეგნების, იდენტიფიკაციის გაქრობას, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების წაშლას, ისტორიის გადაწერას და არასასურველ პირთა იდენტიფიკაციას. პროცესი, რომლის შეფუთვასაც ქოცები „ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების აკრძალვის“ გამოცხადებულ ღონისძიებაში ცდილობენ. სინამდვილეში ეს არის ადამიანების პერსონიფიცირებული აღწერა-ინვენტარიზაცია, ზედმეტობის დადგენა, იმ ადამიანური ზედმეტობის, რომელიც ასე აწუხებს გლუვს და რომლის აღმოფვრას ცდილობს მუდმივად ხან დაშინებით, ხან ციხეებში გასტუმრებით, ხან ქვეყნის დატოვების შეთავაზებით. პროცესი მიმდინარეობს ბოლშევიკური ინსტრუქციებით, ამიტომ, რასაც ვიღებთ, ბოლშევიკებისვე ლოგიკით, არის ციხეში ჩასმულთა, გადასახლებულთა და დასახვრეტთა სიები. ასე აღმოფხრავდნენ ბოლშევიკები ზედმეტობას. ესაა გლუვის მთავარი პრობლემა და აქ ის ისევ ეჯახება მთავარ მტერს – დროს. როგორც ვერანაირი ბაობაბებით, ნატვრის თვლებით და ბროწეულებით ვერ მოახერხებს ის, თავისი ვაგლახი სიცოცხლე 200 წლამდე გაახანგძლივოს, ასევე ვერ მოახერხებს 21-ე საუკუნეში დედამიწის ამ გეოგრაფიულ ნაწილში ათასობით ადამიანის დახვრეტას, გაქრობას. უბრალოდ ვერ და დამთავრდა! გადაულახავი დაბრკოლებაა. ჩვენი მებრძოლი, შეწირული წინაპრების მთავარი დამსახურება ისაა, რომ ამ დრომდე მოგვატანინეს. დრომდე, როდესაც ვერ გვხრეტენ. ნებისმიერი რაოდენობის ადამიანთა სასამართლოს გარეშე დახვრეტის მანდატის გარეშე ბოლშევიკებიც დამარცხდებოდნენ. რომ შეეძლოთ, დაუფიქრებლად დაგვრეტდნენ. აი ისინი, ამ დღეებში პირბადის გამო ხალხს ვინც აპატიმრებენ – დაუფიქრებლად გამოკრავდნენ ჩახმახს თითს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობის წინაპრები ნაღდად დახვრეტილები არიან, ისე აქვთ ტვინები გამორეცხილი, რომ თავისიანების დამხვრეტთა ღირსეულ მემკვიდრეებად იქცნენ და მართალ საქმედ სიმართლის დევნა მიაჩნიათ. ესაა უკვე დენაციფიცირებული მასა. ასეთებად უნდათ აქციონ ყველა, ვისაც თავის ჭკუაში აქ ცხოვრების უფლებას მისცემენ, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი. ბელორუსში დახვრეტა არსებობს, მაგრამ ლუკაშენკოც კი უკვე წლებია ვერ იყენებს მას. იმიტომ, რომ ამ დროში ვცხოვრობთ, სადაც მე გივი, დახვრეტილ ბაბუა გივიზე უკვე ზუსტად 30 წლით უფროსი ვარ. კი, სცადეს ბომბით, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ ეს საიმედო არაა, ისეთი, როგორც ტყვია კედელთან. გასაკვირი არაა, რომ დენაციფიკაციაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა თეა წულუკიანი. მამის აღტკინება გამოყვა, მაგრამ გასაქანი აქვს შეზღუდული. ამ პროცესის შიგნით სხვადასხვა მიმართულებას ასევე ჰყავს თავისი პასუხისმგებელი. წულუკიანის კომისიამ უკვე შეასრულა ისტორიის გადაწერის ფუნქცია, თავისი დასკვნით 200 წლის ომთან დაკავშირებით და საფუძველი შეუქმნა პარტიების, პოლიტიკოსების აკრძალვას. წულუკიანი რელიგიურ ძეგლების განადგურებასაც აკონტროლებს. აქაც პრობლემა აქვთ – მეფის რუსეთის დროს ფრესკებს შეათეთრებდნენ, ბოლშევიკების დროს ტაძრებს ააფეთქებდნენ, დღეს კი უწევთ უმოქმედობის ინიცირება, იმისათვის, რომ ეს მემკვიდრეობა მიწასთან გასწორდეს და დაგვავიწყდეს. საბედნიეროდ, ამდენი დრო არ აქვთ. არასამთავრობოების ამოძირკვაზე მუშაობს რაჟდენ კუპრაშვილი. სავარაუდოდ, ის იქნება თავისუფალ მედიაზე მომავალი გენერალური შეტევის სათავეშიც. აი, განათლების „რეფორმას“, რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის დედა ხელმძღვანელობს. ისიც, მინდია ჯანელიძის მსგავსად, ძირძველი კაგებისტური საუნივერსიტეტო ოჯახის წარმომადგენელია და მისი უფროსი ბიძა იყო, თავად ის ე.წ. „პრემიერის“ უფროსია ახლაც, ისევე, როგორც მისი მამის უფროსი იყო ყოველთვის. განათლების სისტემის განადგურების ხელმძღვანელობის შანსს ის არ გაუშვებდა ხელიდან, ამიტომაც მგონია მისი პროდუქტი. მოკლედ, დენაციფიკაციის პუნქტი პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე პრობლემატურიცაა, ამიტომ მის ბოლომდე შესრულებას ვერ დაელოდებიან და პარალელურად დაიწყებენ ბოლო, ნეიტრალიტეტის პუნქტის შესრულებას. ვფიქრობ, ამ მხრივ რუსები მაქსიმალურად აჩქარებენ და აწვებიან, უკრაინაში მათი შანსების გაურესებიდან გამომდინარე, რათა იქ წარუმატებლობის შემთხვევაში აქ მაინც შერჩეთ ფორმალიზირებული, ასე ვთქვათ ბეჭდიანი გამარჯვება, რაც ნეიტრალური სტატუსის შესახებ საკოინსტიტუციო ჩანაწერს გულისხმობს, რომელიც ჩაანაცვლებს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური არჩევანის შესახებ კონსტიტუციის 78-ე მუხლს. პროცესის დაწყებაზე რუსების დავალება უკვე მიღებულია, რადგან უკვე გამოჩნდნენ ოკუპანტთა მესინჯერები ამ მოთხოვნით. მათი გამოჩენა, ფაქტობრივად, ხმოვანი სიგნალია – კრემლიდან დეპეშა მოვიდა. ამ დეპეშებს ისინი რეჟიმისთვის მიწერილი პერსონალური წერილების სახეს აძლევენ, რომელთა საფუძველზეც რეჟიმი დაუყონებლივ იწყებს მოქედებას. გვახსოვს, ასეთი წერილი მისწერეს ნანა კაკაბაძემ და გელა ნიკოლაიშვილმა რეჟიმს წულუკიანის კომისიის შექმნის აუცილებლობაზე და კომისია, არა მხოლოდ მყისვე შეიქმნა, არამედ უკვე მუშაობაც დაასრულა მოღალატეობრივი აქტით. ვატო შაქარიშვილმა მისწერა წერილი არასამთავროების განადგურების აუცილებლობის შესახებ და მყისვე რაჟდენ კუპრაშვილი აღიჭურვა შესაბამისი დავალებით, უფლებამოსილებით და დაიწყო მოქმედება. ამჟამად ეს პერსონები ერთ ნაგვის გროვად გაფორმდნენ, დაირქვეს „ერთიანი, ნეიტრალური საქართველო“ და მოითხოვეს ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანა. ამ მოთხოვნას მყისვე აყვა ქაქის გარნირი – ხაინდრავები, უცნობები და მსგავსები. რეფერენდუმს, ვფიქრობ, ვერ გარისკავენ, აი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზით კი აუცილებლად წავლენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარტიების გაუქმების შემდეგ რეჟიმი უკვე გაზაფხულზე დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს. ვფიქრობ, ირაკლი კობახიძის ციკლი ამ რუსული პაკეტის ბოლომდე შესრულების ვადით შემოისაზღვრება. ხსენებული კაგებისტური წარმომავლობის გამო, არ გამოვრიცხავ, ის პრემიერად რუსების მხრიდან, მინდია ჯანელიძისავით მოთხოვნილი თუ არა, მხარდაჭერილი კადრი მაინც არის. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ქოცებს სწორედ ის გაიყვანს. ჩემი აზრით არჩევნების შემდეგ მას პარლამენტში დააბრუნებენ, რათა უშუალოდ უხელმძღვანელოს პროცესის დასრულებას – საკონსტიტუციო ჩანაწერის მიღებას, რის შემდგომაც მისი მისია ამოიწურება და გლუვს შეეძლება ჩირად გამოაშროს, ვინმეს აჩუქოს ან სათავსოში შეინახოს. ჩემი აზრით სწორედ ასეთ განვითარებას მოითხოვენ რუსები და კარგი იქნება, ამ თემაზე, საგაზაფხულო საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მოქმედების ერთიანი ხედვაზე დისკუსია ახლავე დაიწყოს, მერე ისევ ცაიტნოტში, რომ არ მივიღოთ აქეთა ნაპირიდან ისევ რადიკალურად საპირისპირო მოქმედებები, მით უფრო, რომ მაგ დროისთვის ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან პოლიტიკურ ველზე. რაც შეეხება გლუვის დღის წესრიგს – ის ორი მიმართულებით ვითარდება. ერთი შიდა ამბებია და აქ რაიმე მწყობრი გეგმის ძიება სრულიად ფუჭია. ეს არის მისი, გლუვის, ნახევარი ნაოჭის მუდმივი ანთების, ეჭვიანობის, ბრაზის, წყენის ანარეკლი. ეს ყველაფერი გროვდება, ერთმანეთს ედება და ბოლოს გამოხეთქავს, ოღონდ, როდის და რა მიმართულებით, კაცმა არ იცის. ამ უკვე გამოხეთქილზე გლუვის აგრესიის მიმართულების კორექცია შესაძლებელია ჭორების და ყურში ჩაჩურჩულების გზით, რასაც მიხვდა კობახიძე და ცდილობს ეს ფაზა სათავისოდ გამოიყენოს. გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება, მაგალითად, ლილუაშვილზე, ერთმანეთს მიეწყო ამერიკაში გლუვის მესიჯის ვერ მიტანა, თანაც, გლუვმა გადაწყვიტა, რომ ლილუაშილმა მისი საქმეები ვერ დაალაგა, თავისი კი მოაკვარახჭინა და სანქციებს ასცდა. მერე მთავარი ბიტკოინმტრის ქვეყნიდან გასვლა, ბოლოს ჯანგველაძის მკვლელობა და ეგაა. ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს, მაქსიმალური აჭრილობის, დროს, აი კალაძესთან გინებნარევი ურთიერთგადაძახილისას, კობახიძისთვის დარტყმის და მყისვე ყაველაშვილის, მდინარაძის და კობახიძისგან მაგარი ცემის დროს, თავი ვერ შეიკავა და გლუვიც მოიხსენია. საკმარისზე მეტია. ფარცხალაძე-რომანოვი მთლად ჯანგველაძის ამბავია. მერე ეს გლუვში ისევე, როგორც ყოველივე, კონვერტირდება კონკრეტულ თანხებში – რადგან ვერ გაამართლეს, რაც აკეთეს დააბრუნონ. ამის უზრუნველსაყოფად ვიღაცები ციხეში, ესენი ტყვეობაში, წაღებულის პატარა ნაწილი ბიუჯეტში, დიდი – გლუვთან. თავისუფლებაზე ჩემი მეზობელი მილიონიანი გირაოთი და შიდა სატუსაღოში, აქაური ჩემი მეზობელი კი, მისი რომეო და ჯუ-ლეიტა არა-ანშური – სევდაში. გლუვის დღის წესრიგის მეორე პუნქტი და მისი მუდმივი ვერ შესრულება მნიშვნელოვნად იწვევს პირველ პუნქტსაც და ზოგადად, გიჟურ აფეთქებებს ნახევარ ნაოჭში. ამ პუნქტს გლუვი ვერ ერევა და ვერც მოერევა. ესაა პროტესტი და რუსთაველი. მერწმუნეთ, ეს ერთი პუნქტი გადაიყოლებს საბოლოოდ რუსული დღის წესრიგის მთელ პაკეტს. მასობრივი გადასახლებისა და დახვრეტების გარეშე ეს პუნქტი ვერ შესრულდება და სულ რომ ყირაზე დადგეს, გამოვლენილ ზედმეტობას გლუვი ვერ მოერევა, რადგან სწორედ ეს მისთვის და რუსებისთვის ზედმეტობა არის საქართველო და ეს ზედმეტობა იბრძვის, არ ნებდება და არც დანებდება. რუსები და ქოცები ხშირად წუხან – ესენი მაიდნის ორგანიზებას ცდილობენო. არადა, ჩვენ, აქეთა ნაპირზე, ჯერ ბოლომდე ვერ ვხდებით, რომ უკვე ერთი წელია გვაქვს ქართული მაიდანი. მე ოთხი შემდგარი მშვიდობიანი რევოლუციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და არც ერთი მათგანი არ იყო მეორეს იდენტური. საერთო მდგენელის – მშვიდობიანი ცვლილებების – მიღმა, ყველა განსხვავებული იყო. აქაც ასეა – აუცილებელი არაა საბურავები იწვოდეს და ნამდვილი ტყვიები დაფრინავდეს. უკრაინული მაიდანი ხომ არ იყო დაკავებული სამთავრობო შენობები, რეჟიმის დატყვევებული წევრები. ეს იყო კონკრეტული ტერიტორია ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, რომელიც დაიკავეს თავისუფლებისთვის მებრძოლებმა და შეინარჩუნეს მანამ, სანამ რეჟიმი არ გატყდა. ასე, რომ ჩვენ გვაქვს ლოკაციაც – რუსთაველი, პროცესიც – ერთწლიანი პროტესტი და მიზანიც – გაძლება. ჯარიმებს უკვე გავუძელით, პატიმრობებსაც ვუძლებთ. უკრაინელებმა ნამდვილ ტყვიებს გაუძლეს, ჩვენ სასტიკ დარბევებს. პატიმრობა მძიმეა, მაგრამ არა გამოუსწორებელი, ამიტომ გავუძლებთ. მითუმეტეს, როდესაც ქუჩაში მთავარ სიტყვად სოლიდარობა იქცა. სოლიდარობა უზრუნველყოფს პროტესტის უწყვეტობას, უწყვეტობა კი გამარჯვებას!



















